არქეოლოგია ოკუპირებულ შიდა ქართლში

 

შიდა ქართლის ტერიტორიაზე მოპოვებული არაერთი არქეოლოგიური მასალა  ამტკიცებს ამ რეგიონში სიცოცხლის უწყვეტად არსებობას უძველესი პერიოდიდან დღემდე. შუაპალეოლითური ძეგლებით განსაკუთრებით მდიდარია ცხინვალის რეგიონი - ათეულობით აშელური და მუსტიეური ხანის, ზღვის დონიდან უჩვეულოდ მაღლა მდებარე ღია ტიპის და მღვიმური სადგომებით.  ასევე მნიშნელოვანი ძეგლებითაა გამოვლენილი მტკვარ-არაქსის (კორინთა, ცხინვალის ნაცარგორი, ქულბაქები, ნული და სხვ.) და ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის თრიალეთის კულტურა, რომლებიც წინა პერიოდის პუნქტებზეა აღმოჩენილი და, ამავდროულად, ჩნდება ახალი ძეგლებიც (ავნევი, მუგუთი, წუნარი და სხვ.).  ანტიკური პერიოდის წარმოსაჩენად ე.წ. ახალგორის განძის აღნიშვნაც საკმარისია.  ადრე შუა საუკუნეების არქეოლოგიური ობიექტებიც ქსნის ხეობაში - ალევსა და კორინთაშია აღმოჩენილი.  ადგილობრივ ნივთებთან ერთად გვხვდება იმპორტული ნაწარმის აღმოჩენის ფაქტებიც (მაგ. როკა), რაც მიუთითებს მტკვარზე არსებული სავაჭრო გზის განშტოებებზე.  

                                                                                        არქეოლოგიური მასალა შიდა ქართლიდან

ჭურჭლის, იარაღის, სამკაულის გარდა ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია არაერთი მნიშვნელოვანი მონეტა, რომლებიც ძირითადად გვიანანტიკური ხანისაა; ესენია:  ალექსანდრე მაკედონელის სტატერთა მინაბაძები, ოქტავიანე ავგუსტუსის დენარები, ქართული დრაქმები (ოროდ II, ფრაატ IV), სასანური ფული (სოხთა, სტირფაზი, არკნეთი, შაბურ II-ის მონეტა ახალგორიდან).

იხ. ლიტერატურა ახალგორის განძის შესახებ

        შიდა ქართლის არქეოლოგიურად შესწავლა გასული საუკუნიდან დაიწყო. იმ დროს უკვე შემთხვევით გამოვლენილი იყო ახალგორის განძით ცნობილი სამარხი საძეგურში (1908 წ.) და ე.წ. ცხინვალის განძი (1909 .). ოკუპირებულ შიდა ქართლში (კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე) ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოებიდან აღსანიშნავია:

                                                                                            არქეოლოგიური მასალის აღმოჩენის შესახებ

1945 წელს საძეგურში, 1908 წელს შემთხვევით აღმოჩენილი სამარხის ადგილას ექსპედიცია, რომელმაც დაადგინა და დააზუსტა იქ მოპოვებული ინვენტარის ქრონოლოგია;

1945-1948 წლებში ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელმაც შეისწავლა მრავალფენიანი საკულტო და სამოსახლო ბორცვი ნაცარგორა;

1949-1950 წლებში ბ. კუფტინის მიერ განხორციელებული დაზვერვითი სამუშაოები;

1949-1954 წლებში ცხინვალის ქულბაქებზე შესწავლილი შუა და გვიანბრინჯაოს ხანის ფენები;

1951 წელს სამარშრუტო არქეოლოგიური ექსპედიცია მდინარეების ლიახვის, ფრონეს აუზებში;

1951 წლის არქეოლოგიური სამუშაოები ლისა და ძაღინაში;

1954 წელს ნულის არქეოლოგიური გათხრები;

1955 თლის სამაროვანის გათხრები;

1955 მუსტიეს ხანის ძეგლების გამოვლენა (თამარაშენი, კუსრეთი, კარკუსთაკაუ, პეკვინარი)

1955 წელს ნამოსახლარი გორების გამოვლენის მიზნით დაზვერვითი ექსპედიცია;

1958-1961, 1965 და 1968, 1977 წლებში წონა და კუდაროს გათხრები;

1959 ელს შესწავლილ იქნა ოსფრისთან არსებული არქეოლოგიური ობიექტი;

1960 წელს ყანჩაეთში ასევე შემთხვევით აღმოჩნდა სამარხი; 1961-1962 წლებში კი ჩატარდა  დაზვერვითი სამუშაოები.

                                                                                                                                სასაფეთქლეები. ახალგორის განძი

    არასრული და არაერთგვაროვანია ინფორმაცია არქეოლოგიური გათხრების თუ შემთხვევითი აღმოჩენების დროს მოპოვებული მასალის რაობის და მათი მდებარეობის შესახებ. შემთხვევითი აღმოჩენებისა თუ გათხრების დროს რიგი ნივთები რჩებოდა ცხინვალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ნაწილი კი სამომავლო კვლევისთვის გადაჰქონდათ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. მაგალითად, 2013 წელს გამოცემულ პუბლიკაციაში მინიშნებულია, რომ 1947-1948 წლებში ცხინვალის ქვასათალსა და ცხინვალის ქვიანაში ჩატარებული გათხრების მასალები კვლევის პროცესში უკვე ნაკლული სახით იყო მოღწეული. ამასთან, დიდ გაუგებრობას ქმნის 1990-იანი წლების მოვლენები

                                                                                        ახალგორის მუზეუმი. ინვენტარიზაცია

ცხინვალში, როდესაც არაერთი ნივთი დაიკარგა ცხინვალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან (იმ დროინდელ მოვლენებს კარგად ასახავს ოქონის ხატის ისტორია, ძირითადად თლიის სამაროვანში მოპოვებული მასალა); დღეს არსებული ინფორმაციით 1990-იან წლებში გატანილი ცხინვალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის არქეოლოგიური მასალა 2015 წელს დაუბრუნდა ცხინვალის ახლადგახსნილ მუზეუმს, თუმცა, უცნობია, კოლექცია სრულად დაბრუნდა თუ არა. ამ მხრივ საინტერესოა ცნობა 2016 წლის ერთ-ერთი საინფორმაციო ინტერნეტ გვერდიდან: ინტერვიუში მუზეუმის წარმომადგენელი ცხინვალის მუზეუმში 15000 ექსპონატს ასახელებს; როდესაც არსებობს 1972 წლის საგაზეთო სტატია სადაც ცხინვალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 30000 ექსპონატი იხსენიება. ცხინვალის მუზეუმის შესახებ სტატიებში ასევე მითითებულია, რომ ცხინვალის მუზეუმი ნელ-ნელა იბრუნებს ძველ ნივთებს, რომლებიც კერძო კოლექციებშიც ინახებოდა. ამჟამად მიუწვდომელია ცნობები ცხინვალის მუზეუმში არსებული არქეოლოგიური მასალის შესახებ. ამგვარად, ცხინვალის მუზეუმის არქეოლოგიურ მასალებზე მხოლოდ გადმოცემების, მეცნიერთა კვლევების გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ.



Comments