დევნილი მუზეუმი გორში - დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი

თირის მონასტერი, XII-XVIII საუკუნეები


დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი 2005 წელს შეიქმნა. 2008 წლის ომამდე მუზეუმ-ნაკრძალი ოკუპირებული შიდა ქართლის ტერიტორიაზე ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს, ესენია: ისტორიული ძეგლების აღწერა-პასპორტიზაცია, არქეოლოგიური/დაზვრევითი სამუშაოები (სვერი, კეხვი, ძარწემი). ძეგლებზე ჩატარდა არაერთი წინა საპროექტო და სარესტავრაციო სამუშაოები (ყაულაანთ ციხე, კეხვის აჩაბეთის, სვერის, ქემერტის ციხეებიკეხვის წმ. გიორგის ეკლესია, ხეითის წმ. მთავარანგელოზის ეკლესია, ტყვიავის ეკლესია, მარანას წმ. გიორგის ეკლესია, ალევის წმ. სამების ეკლესია).

ოკუპირებული შიდა ქართლის რუკა

2008 წლის ომის შემდგომ მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ოკუპირებული აღმოჩნდა, რის შედეგად ამ დრომდე ვერ ხერხდება რეგიონში რაიმე სამუშაოს განხორციელება, მათ შორის იქ დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონახულება და მათი ფიზიკური მდგომარეობის დადგენა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ოკუპირებულ რეგიონთან დაკავშირებით მუზეუმ-ნაკრძალი შემდეგი სახის სამუშაოებს ახორციელებს: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა გზით ინფორმაციის მოძიება (პირადი წყაროები, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინტერნეტ გვერდებზე ინფორმაციის მოძიება), საქართველოს სიძველეთსაცავებსა და მუზეუმებში აღნიშნულ რეგიონთან დაკავშირებით საარქივო მასალებისა და ექსპონატების მოძიება და კვლევა. იხილეთ სტატია.

იკორთას წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია, 1172 წ.-XVIII ს.

2015 წლიდან მუზეუმ-ნაკრძალში დაინერგა საგანმანათლებლო მიმართულება. პერიოდულად ხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც ჩართულები არიან ვერხვების, კარალეთისა და ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოზარდები, გორის საჯარო სკოლების მოსწავლეები და გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.


შალბელიქიშვილების საგვარეულოს ფრესკული გამოსახულებები
 ვახტანა, ღმრთისმშობლის ეკლესია, XVI საუკუნე

მუზეუმ-ნაკრძალის ორგანიზებით 2015, 2018 წლებში თბილისსა და გორში  ჩატარდა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ოკუპირებულ შიდა ქართლში დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამსახველი ფოტოები.


თირის მონასტერი - გიორგი გაგოშიძე, გადაცემა ჩვენი ფონდი, საპატრიარქოს ტელევიზია

მუზეუმ-ნაკრძალი მუშაობს ოკუპირებული შიდა ქართლის რეგიონის ვირტუალური მუზეუმის შექმნაზე. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით შესრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოები, რომელიც 2018 წელს საქართველოს ლურჯი ფარის ეროვნულ კომიტეტთან ერთად მომზადდა; რაც გულისხმობს რუკა-ვებ-გვერდის მომზადებას - რუკაზე განთავსდა შიდა ქართლის ოკუპირებულ ნაწილში არსებული 200-მდე ობიექტისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კოორდინატი.

იხილეთ გამოკითხვა

Comments