ოკუპაცია და კულტურული მემკვიდრეობა
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ძეგლებისთვის დღეს ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს მათ სიახლოვეს, შუაგულ სოფლებში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზები; რუსი სამხედროების მიერ ჩატარებული ინტენსიური სამხედრო წვრთნები გამუდმებით ზიანს აყენებს ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩაეთში რუსული სამხედრო ბაზის მიერ ე.წ. ვეძათქედის პოლიგონზე სისტემატიურად ჩატარებული სამხედრო წვრთნები – ძლიერი აფეთქებების შედეგად ზიანდება განსაკუთრებით ბაზასთან ძალზე ახლოს მდებარე სოფლებში – ყანჩაეთსა და წირქოლში (ასევე მათ სიახლოვეს) არსებული მნიშვნელოვანი ქართული კულტურული ძეგლები: ყანჩაეთში – კაბენის ღმრთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი (მე–9–მე–18 სს.), მთავარანგელოზთა და წმ. გიორგის ეკლესიები და კოშკი (სამივე – გვიანი შუა საუკუნეები);
წირქოლში – ციხე (მე–9 ს.), ღმრთისმშობლის (მე–9 ს.), წმ. გიორგის ეკლესია, ასევე წმ. გიორგის სამონასტრო კომპლექსი და კოშკი (სამივე – გვიანი შუა საუკუნები), წმ. მარინეს ეკლესია (მე–19 ს.). ასეთივე საფრთხის ქვეშაა ძარწემის სამხედრო ბაზის სიახლოვეს მდებარე ძეგლები: ძარწემში – წმ. გიორგის ორი ეკლესია (მე–10 და მე–14 სს–ში აგებული); ქემერტში – წმ. გიორგის ეკლესია (მე–8-მე-9 სს.), გვიან შუა საუკუნეების ეკლესია და სამი კოშკი; ხეითში – წმ. საბას მონასტერი (მე–10 ს.), ღმრთისმშობლის, ჯვარპატიოსანისა და ძელიცხოველის ეკლესიები (სამივე მე–13–მე–14 სს.), მაცხოვრის ეკლესია და კოშკი (ორივე მე–17–მე–18 სს.).
სამხედრო წვრთნების დროს გამოწვეულ რყევებს ემატება ახალი მაგისტრალის – ახალგორი–ცხინვალის გზის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები. არ არსებობს რაიმენაირი ინფორმაცია ამ გზების გაყვანისას წაშლილი ან დაზიანებული არქეოლოგიური ძეგლების მასალების თაობაზე.
2008-2018 წლებში ძეგლებზე ჩატარებული არალეგალურისარესტავრაციო (სარემონტო) სამუშაოები
ცხინვალის ცენტრში მდებარე, 1718 წელს აგებულ ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარს სამხრეთიდან მიაშენეს მცირე ზომის ეკვდერი, რამაც დაფარა 1718 წელს შესრულებული ქართული საქტიტორო წარწერა. ახალი კარიბჭე აიგო ჩრდილოეთის მხრიდანაც. იმავე ფასადზე, კარის თავზე ჩასმული რელიეფი ღმრთისმშობლის გამოსახულებით და მასზე შესრულებული 1816 წლის მხედრული წარწერით, რომელიც სომხების მიერ ეკლესიის ერთ–ერთი განახლების მაუწყებელი იყო, დღეს დაკარგულია. ფასადებზე ლილვები, სარკმლის გარშემო მოჩარჩოება წითელი ფერით შეიღება; ინტერიერი დაიფარა რუსული სტილის მოხატულობით. ეკლესიის გარშემო აიგო ოთახები – საცხოვრებლები სასულიერო პირებისთვის, საეკლესიო მაღაზია, სამრეკლო და გალავანი.
არალეგალური სარესტავრაციო სამუშაოები განხორიცელდა თირის მონასტერშიც (მე–13–მე–17 სს.), რომელიც ცხინვალიდან 8 კილომეტრში მდებარეობს. თირის მონასტერი არის ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, გამორჩეული თავისი არქიტექტურით, ორნამენტითა და მოხატულობით, ლაპიდარული წარწერებით, რომელიც მე–13 საუკუნიდან მოყოლებული მე–17 საუკუნემდე მუდმივად ახლდებოდა და მშვენდებოდა ქართველი მეფეებისა და დიდებულების მიერ. თირის მონასტერი თავისი მნიშვნელოვნების გამო სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქართველი დიდგვაროვნების დასაკრძალავი ხდებოდა – იქ გვხვდება თავხელიძეების, თაქთაქიძეების, მაჩაბლების გვარები. მთავარ ეკლესიაშია ქართველი მეფის ვახტანგ VI-ის შვილის, როსტომ ბატონიშვილის საფლავი. 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ მცირე ხნის მანძილზე თირის მონასტერში დაფუძნდა რუსი სასულიერო პირი, რომელიც იქ სამონასტრო საქმიანობას ეწეოდა. ეკლესია ამჟამად მიტოვებულია. მოუვლელობითა და ბუნებრივი დაზიანებებით ეკლესიის მდგომარეობა უფროდაუფრო მძიმდება – სახურავიდან ჩასული წყალი აზიანებს ეკლესიის კამარებსა და კედლებს. სინესტისგან განსაკუთრებით ზიანდება მე–14 საუკუნის მოხატულობა. 2013 წელს ადგილობრივი ბიზნესმენის დაფინანსებით მოხდა სახურავის შეკეთება – ქვის ლორფინის ღარები ამოილესა ცემენტით; მცირე არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა ეკლესიის ჩრდილოეთით არსებულ ბერთა სენაკებში; ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სამუშაოებს ახორციელებდნენ „ხელოსნები ეჩმიაძინიდან“; როგორც ცნობილია, ოსტატებს არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ ამგავრი სამუშაოების ჩასატარებლად.
2014 წელს კვლავ ადგილობრივი ბიზნესმენის დაკვეთით დაიწყო აჩაბეთის ციხის (მე–16 ს.) „აღდგენა“. სარემონტო სამუშაოების შესრულება ისევ არაკვალიფიციურ ხელოსნებს დაევალათ, ამასთან, სამუშაოებში მოხალისეებად იხმარდნენ სკოლის მოსწავლეებსაც. მოესწრო გალავნის აღმოსავლეთი კედლის ნახევრად ამოყვანა; როგორც ცნობილია, განზრახული იყო ნახევრადდანგრეული ციხის სრულად აღდგენა, თუმცა სამუშაოები შეჩერდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ძეგლთა დაცვის სამსახურის მიერ.
არაპროფესიული რესტავრაციის ყველაზე მძიმე შედეგი გომართას წმ. გიორგის ეკლესიაზე აისახა (მე–16 საუკუნე). გომართას ეკლესია ერთ–ერთი მთავარი სალოცავი იყო როგორც ლიახვის, ასევე ფრონეების ხეობების მოსახლეობისთვის. დღესასწაული „გომართობა“ ყოველ წელს განსაკუთრებულად აღინიშნებოდა როგორც გარშემო მდებარე, ასევე შორეული სოფლებიდან მოსული ხალხის მონაწილეობით. ამასთან, გომართას ეკლესია იყო ქართლის ერთ–ერთი წარჩინებული სახლის, ფალავანდიშვილების საგვარეულო ეკლესია – ეკლესიის დასავლეთი ეკვდერი სწორედ ფალავანდიშვილთა დასაკრძალავს წარმოადგენდა. მათი ფრესკული გამოსახულებები ამკობდა ეკლესიის ინტერიერსაც – ტაძარი ერთიანად იყო დაფარული მე–16 საუკუნის მოხატულობით. თუმცა ეკლესიას ჯერ ბუნებრივი პირობები აზიანებდა – კამარა ჩაქცეული იყო და ნალექი კედლებსა და მოხატულობაზე დაედინებოდა. ბოლოს კი 2014 წელს ჩატარებულმა „სარესტავრაციო“ სამუშაოებმა არა მხოლოდ დააზიანა, არამედ სახე უცვალა ეკლესიას. დასავლეთი ეკვდერი ერთიანად – როგორც გვერდითი კედლები, ასევე სახურავი – ცემენტით შეილესა, რამაც დაარღვია და დაამახინჯა ეკლესიის საერთო პროპორციები, ეკლესიის ინტერიერში გამართულმა ხარაჩოებმა კი საბოლოოდ ჩამოშალა ფერწერა – ამჟამად კედლებს მხოლოდ ფერების მცირე ფრაგმენტებიღა შერჩა. აღნიშნული სამუშაოებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ძეგლთა დაცვის სამსახურთან შეუთანხმებლად მიმდინარეობდა და მათივე ძალისხმევით შეჩერდა.
2014 წლის სექტემბერში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მთავარ საინფორმაციო გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ე.წ. ალანიის ეპარქიის მიერ გერის წმ. გიორგის ეკლესიას (გვიანი შუა საუკუნეები) უტარდება აღდგენითი სამუშაოები. როგორც ცნობილია, ეკლესიას მოანგრიეს დასავლეთ კეხზე აღმართული სამრეკლო, რის შემდეგაც დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტერიერში. ე.წ. ალანიის ეპარქიის წარმომადგენელთა თქმით, სამუშაოები ხორციელდება ადგილობრივი, ჩრდილოეთ კავკასიელი და რუსი სპეციალისტების კონსულტაციით.
წუნარის (ხეთაგუროვის) ღმრთისმშობლის ეკლესიის (მე–14 ს.) საკურთხეველი დაიფარა რუსული სტილის მოხატულობით. რელიეფური გამოსახულებებით შემკული ძველი, ქვის იკონოსტასი ვარდისფერი–თეთრი ფერით დაიფერა.
ასეთივე ბედი გაიზიარა ცხივნალის ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესიამ (მე–17 ს.). იქაც ინტერიერი ერთიანად მოიხატა რუსული სტილის მხატვრობით, აიგო ბეტონის არატრადიციული ფორმის კანკელი და იატაკზე დაიგო მეტლახის ფილები.
იხ. სტატია - არქიტექტურული მემკვიდრეობა შიდა ქართლში
ცხინვალში, სომხის ქუჩაზე მდებარე წმ. გიორგის ეკლესია (გვიანი შუა საუკუნეები) მთლიანად შეილესა და შეიღება თეთრი და ღია მწვანე ფერით.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ძეგლთა დაცვის სამსახურის მიერ იქნა შეჩერებული აღდგენითი–გამაგრებითი სამუშაოები არმაზის წმ. გიორგის ეკლესიაში (864 წ.). არმაზის ეკლესია ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუშია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა შორის. მისი გამორჩეულობა მის არქიტექტურულ ფორმასა და ტიპშია – გარედან ის ორფერდა სახურავშია მოქცეული, ინტერიერში კი გუმბათიანია. ტაძარი იმითაცაა გამორჩეული, რომ არმაზის ეკლესიაში მდებარე მოხატული კანკელი ყველაზე ადრეულ ნიმუშს წარმოადგენს დღეისთვის ცნობილ ქართულ მოხატულ კანკელებს შორის. აღსანიშნავია, რომ არმაზის ეკლესიამ შემოინახა ეკლესიის აღშენებლის სახელი – მამასახლისი გიორგი და აგების თარიღი – 864 წელი. 2014 წელს განზრახული იყო ინტერიერში, გუმბათის საყრდენი სვეტების გამაგრება, ეკლესიის გარშემო მიდამოების კეთილმოწყობა. მოესწრო ჩრდილო–დასავლეთი სვეტისა და კანკელის საყრდენი თაღების ცემენტით „გამაგრება“. ასევე გაკეთდა იმ გარემოსთვის ყოვლად შეუსაბამო – სამნაწილიანი, ფართო კიბეები მოაჯირით ეკლესიის დასავლეთით, რომელიც ნაგებობას ახალგორ–ცხინვალის დამაკავშრებელ, ახალგაყვანილ გზასთან აკავშირებს. არმაზის წმ. გიორგის ეკლესიისთვის ერთ–ერთი მთავარი საფრთხე სწორედ ეს ახლადგაყვანილი გზაა, რომელიც ეკლესიის ქვეშ, 10 მეტრში გადის (ამ გზის გაყვანამდე, გზა არსებობდა ეკლესიისგან ჩრდილოეთით, მის მოშორებით, ზემოდან შემოვლით).
Comments
Post a Comment