ოკუპირებულ შიდა ქართლში არსებული კულტურული მემკვიდრეობა დღეს
შიდა ქართლის ტერიტორიაზე (დიდი და პატარა ლიახვის, ფრონეების და ქსნის ხეობაში) დარჩა 800–მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – ეკლესია–მონასტრები და ციხე–კოშკები, რომელთა ქრონოლოგია მე–6 საუკუნიდან მოყოლებული მე–20 საუკუნემდე მოდის. იქ ადგილობრივი ღირებულების მქონე ძეგლებთან ერთადაა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლები - შემკული მოხატულობებით, ორნამენტიანი ქვებითა, ქართული ლაპიდარული და ფრესკული წარწერებით, რომელიც მრავალ ისტორიულ პირის სახელს და ისტორიულ მოვლენებს ასახავს.
ლარგვისის მონასტერი (მე-6-მე-18 სს.) (ახალგორის რაიონი) -
ერისთავთა ქსნის ერისთავთა საძვალე ეკლესია და
საცხოვრებელი სასახლე; მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი, სადაც მრავალი
საუკუნე არსებობდა საგადამწერლო კერა. მონასტრის მთავარი ეკლესია შედარებით კარგ
მდგომარეობაშია; თუმცა ღიად დარჩენილი სარკმლები ვერ იცავს ინტერიერს ფრინველებისა
და ნესტისგან. მიწის დონემდე იშლება ერისთავთა სასახლე, ჩაქცევის პირასაა კარიბჭე.
(დღესაც ხარაჩოებშია ჩასმული). განადგურების პირასაა მთავარი ეკლესია, რომელიც
ფაქტიურად გადახურვის გარეშე დარჩა და დღეს მხოლოდ სახელდახელოდ დაფარებული თუნუქი
იფარავს; მე-13 საუკუნის ორნამენტიანი ქვები ეზოშია მიმობნეული და ნალექისგან
ზიანდება.
წირქოლის ღმრთისმშობლისა (მე-9 ს.) და არმაზის წმ. გიორგის (864 წ.) ეკლესიები - უნიკალური არქიტექტურით - გარედან ორფერდა სახურავში
მოქცეული, ინტერიერში - გუმბათით დაგვირგვინებული. ორივე მათგანი მოხატულობითაა
შემკული.
ცხავატის ღმრთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი (მე–9–მე–13
სს.) (ახალგორის რაიონი) - მთავარ ეკლესიაში სავალალო მდგომარეობაშია მე-13
საუკუნის მოხატულობა, წყალი ჩადის და კამარა ჩაქცევის პირასაა ჩრდილოეთ მინაშენსა და
კომპლექსში შემავალ წმ. გიორგის ეკლესიაში.
დორეთკარის (ახალგორის რაიონი) წმ. ბარბარეს ეკლესიაში
(მე–8–მე–14 სს.) დღითიდღე ნადგურდება მე-14 საუკუნის მოხატულობა, რომელიც ე.წ.
პალეოლოგოსთა სტილის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.
იხ. ლიტერატურა არმაზის ეკლესიის შესახებ
ასეთივე
საფრთხის ქვეშაა დადიანეთის (ახალგორის
რაიონი) წმ. გიორგის ეკლესიის მე-14 საუკუნის მოხატულობა. ესაა გამორჩეული
საერისთავო კომპლექსი - სასახლით, დარბაზით, სამრეკლოთი და ეკლესიით (მე-9-მე-14
სს.).
დისევში ძელიცხოველის (მე-10 ს.) და კულბითის
ღმრთისმშობლის (მე-14 ს.) (ორივე ცხინვალის რაიონი) ეკლესიები დღეს პირდაპირ
რუსული გარნიზონის გვერდით აღმოჩნდა. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია
კულბითის ღმრთისმშობლის ეკლესია - კედლებისა და კამარებზე ბზარები დღითიდღე
ფართოვდება; ძლიერი დაზიანების გამო 2008 წლის აგვისტოში ტაძრის რესტავრაცია დაწყებული იყო (სამუშაოები
ხორცილდებოდა საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ), თუმცა მიტანილი მასალა
ადგილზე დარჩა.
გადახურვას
საჭიროებს ახალგორის ქსნის ერისთავთა
რეზიდენცია (მე–16 ს.) ამჟამად კი მუზეუმი. ნაგებობასთან ერთად საფრთხის ქვეშაა იქ
დაცული ექსპონატები. ესენია ადრექრისტიანული პერიოდის არქეოლოგიური მასალები, შუა
საუკუნეების კანკელის თუ რელიეფის ფრაგმენტები, ათობით ფიგურული შორენკეცები,
რომლებიც ეკლესიების დასაფარად იყო გამოყენებული. მე-17-მე-20 საუკუნის
ადგილობრივი ოქრომჭედლობის ნიმუშები - ჯვარ-ხატები, საინტერესო ქართული ისტორიული
წარწერებით. ბოლო ხანებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსპონატები უნდა
გადაეტანილიყო ცხინვალის ახალ მუზეუმში. აღნიშნული ინფორმაცია შემდგომ უარყოფილ
იქნა. ცხინვალის რეგიონში მუზეუმებიდან ნივთების დაკარგვის ათობით ფაქტი მოხდა
1990-იან წლებში. იმედია, იქ არსებულ ექსპონატებს საფრთხე არ დაემუქრებათ როგორც
ადგილობრივი, ასევე სახელმწიფო პირების მიერ.
საეკლესიო ნაგებობების მსგავსად ნალექებისგან, მცენარეული საფარის ზემოქმედებით დანგრევის პირასაა ბელოთის (მე-10-მე-18 სს.), ქარჩოხის (მე-9 ს.), ვანათის (მე-16 ს.), კეხვის (მე-16 ს.) ძაღინას (მე-17 ს.) და სხვა ასამდე ციხე-კოშკი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ძეგლთა დაცვის სამსახურის მიერ იქნა შეჩერებული აღდგენითი–გამაგრებითი სამუშაოები არმაზის წმ. გიორგის ეკლესიაში (864 წ.). არმაზის ეკლესია ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუშია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა შორის. მისი გამორჩეულობა მის არქიტექტურულ ფორმასა და ტიპშია – გარედან ის ორფერდა სახურავშია მოქცეული, ინტერიერში კი გუმბათიანია. ტაძარი იმითაცაა გამორჩეული, რომ არმაზის ეკლესიაში მდებარე მოხატული კანკელი ყველაზე ადრეულ ნიმუშს წარმოადგენს დღეისთვის ცნობილ ქართულ მოხატულ კანკელებს შორის. აღსანიშნავია, რომ არმაზის ეკლესიამ შემოინახა ეკლესიის აღშენებლის სახელი – მამასახლისი გიორგი და აგების თარიღი – 864 წელი. 2014 წელს განზრახული იყო ინტერიერში, გუმბათის საყრდენი სვეტების გამაგრება, ეკლესიის გარშემო მიდამოების კეთილმოწყობა. მოესწრო ჩრდილო–დასავლეთი სვეტისა და კანკელის საყრდენი თაღების ცემენტით „გამაგრება“. ასევე გაკეთდა იმ გარემოსთვის ყოვლად შეუსაბამო – სამნაწილიანი, ფართო კიბეები მოაჯირით ეკლესიის დასავლეთით, რომელიც ნაგებობას ახალგორ–ცხინვალის დამაკავშრებელ, ახალგაყვანილ გზასთან აკავშირებს. არმაზის წმ. გიორგის ეკლესიისთვის ერთ–ერთი მთავარი საფრთხე სწორედ ეს ახლადგაყვანილი გზაა, რომელიც ეკლესიის ქვეშ, 10 მეტრში გადის (ამ გზის გაყვანამდე, გზა არსებობდა ეკლესიისგან ჩრდილოეთით, მის მოშორებით, ზემოდან შემოვლით).
შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მონიტორინგი თითქმის ვერ ხორციელდება და დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის მხოლოდ მცირე ნაწილის მდგომარეობა თუა ცნობილი. იქ არსებული ძეგლების უმეტესობის ბედი უცნობია. მით უფრო, არ არსებობს ინფორმაცია იქ არსებული არქეოლოგიური ძეგლების შესახებ; თუმცა ნათელია, რომ ყველა იქ დარჩენილი ისტორიული ძეგლი დღეს დაუცველია და საფრთხის ქვეშაა.
Comments
Post a Comment